არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ წინასიტყვაობა

არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ წინასიტყვაობა

წინასიტყვაობის ეს ვერსია ნაწილია წიგნის პირველი თარგმანისა, რომელიც 1964 წელს გამოიცა. 

 

არისტოტელე ძველი ბერძნული ფილოსოფიის მწვერვალი და უდიდესი წარმომადგენელი იყო. არ დარჩენილა იმდროინდელი მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელსაც იგი არ შეხებოდეს და თავისი სიტყვა არ ეთქვას. თავის ნაშრომებში მან თავი მოუყარა მანამდე დაგროვილ მთელ ფილოსოფიურ და მეცნიერულ ცოდნას, კრიტიკულად გადაამუშავა და წინ წასწია ის. დღესაც აოცებს მკითხველს აზროვნების ის მაღალი კულტურა, რომელიც იგრძნობა არისტოტელეს ფილოსოფიაში. არისტოტელესათვის დამახასიათებელია წამოყენებულ პრობლემათა სერიოზულობა, მათი განხილვის უჩვეულო სიღრმე და ამომწურაობა. მართალია, იგი ზოგჯერ პრობლემათა დაყენებით კმაყოფილდება, მაგრამ ამით არა ნაკლებ სწევს წინ აზროვნების განვითარებას, მიუთითებს რა იმ მიმართულებაზე, საითაც საჭირო იყო კვლევა-ძიების წარმართვა. მკითხველს აოცებს არისტოტელეს ენის ლაკონურობა, რაც დამახასიათებელი იყო მთელი ძველი ბერძნული ფილოსოფიისათვის. საერთოდ, არისტოტელეს ყოველი ფრაზა ღრმა აზრის შემცველია, მისთვის უცხოა ზედმეტსიტყვაობა.

 

არისტოტელე მრავალი საკითხის განხილვაში თანამედროვეობის დონეზე დგას. ამიტომაცაა, რომ არისტოტელეს ფილოსოფიას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ამით აიხსნება ის ცოცხალი ინტერესი, რომელსაც იჩენდნენ ყოველთვის და უკანასკნელ ხანებშიც არისტოტელეს ფილოსოფიისადმი, როგორც ჩვენთან, ისე დასავლეთში. მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ენაზე იქმნება უამრავი თარგმანები და გამოკვლევები, მიძღვნილი არისტოტელეს ფილოსოფიისადმი.

 

არისტოტელეს ფილოსოფიას და მის მნიშვნელობას კაცობრიობის აზროვნების განვითარების ისტორიაში მაღალ შეფასებას აძლევდნენ მარქსიზმის კლასიკოსები. მარქსმა მას „უდიდესი მოაზროვნე“ უწოდა, ენგელსმა კი „ძველი დროის ყველაზე უფრო უნივერსალური თავი“. ლენინი არისტოტელეს ფილოსოფიას აფასებდა, როგორც მერყევს მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის. ლენინის აზრით, არისტოტელე ასევე მერყეობდა დიალექტიკასა და მეტაფიზიკას შორის. ეხებოდა რა არისტოტელეს პოზიციას „პირველი მამოძრავებლის“ საკითხში, აღნიშნავდა, რომ „რა თქმა უნდა, ეს იდეალიზმია, მაგრამ იგი უფრო ობიექტურია და უფრო დაშორებული, უფრო ზოგადი, ვიდრე პლატონის იდეალიზმი, ამიტომაც ნატურფილოსოფიაში უფრო ხშირად = მატერიალიზმს“. ლენინი მაღალ შეფასებას აძლევდა არისტოტელეს ბრძოლას პლატონის ფილოსოფიური იდეალიზმის წინააღმდეგ, კერძოდ, მის ბრძოლას პლატონის იდეებზე მოძღვრების წინააღმდეგ. ლენინი წერდა: `როცა ერთი იდეალისტი მეორე იდეალისტის იდეალიზმის საფუძვლებს აკრიტიკებს, ამით მუდამ მოგებული რჩება მატერიალიზმი.

 

არისტოტელე ცხოვრობდა 384-322 წწ. ძველი წელთაღრიცხვით. ის წარმოშობით ქალაქ სტაგეირადან იყო. მამამისი მაკედონიის მეფის ამინტა II-ის კარის ექიმი ყოფილა. 17 წლის არისტოტელე დაემოწაფა ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსს პლატონს, რომელსაც უსმენდა ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. მაგრამ შემდეგში არისტოტელესა და პლატონის მსოფლმხედველობათა შორის სერიოზული წინააღმდეგობა წარმოიშვა, არისტოტელემ დაიწყო თავისი მასწავლებლის მოძღვრების კრიტიკა და იძულებული იყო დაეტოვებინა აკადემია. 343 წელს იგი მიწვეულ იქნა მაკედონიის  სამეფო კარზე, ალექსანდრე მაკედონელის აღსაზრდელად. 335 წელს კი ათენში ჩამოაყალიბა საკუთარი ფილოსოფიური სკოლა ლიკეი, ანუ პერიპატეტული სკოლა (სიტყვიდან „პერიპატო“, რაც სეირნობას ნიშნავს, რადგან არისტოტელეს ჩვევად ჰქონდა მსმენელთათვის ლექციების გადაცემა სეირნობის დროს), ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ არისტოტელეს დევნა დაუწყეს როგორც მისმა, ისე ალექსანდრე მაკედონელის მოწინააღმდეგეებმა. ის იძულებული იყო გაქცეულიყო, რის შემდეგ ჩქარა გარდაიცვალა.

 

არისტოტელეს თხზულებებიდან აღსანიშნავია „მეტაფიზიკა“, „სულის შესახებ“, „ფიზიკა“, „კატეგორიები“, „ტოპიკა“, „ანალიტიკა“ და სხვა. ფილოსოფიური შეხედულებანი არისტოტელეს, ძირითადად, გადმოცემული აქვს „მეტაფიზიკაში“, აგრეთვე ნაწარმოებში „სულის შესახებ“. არისტოტელეს მსოფლმხედველობა უაღრესად ფართოა და ყოვლისმომცველი. ის ეხება მისი დროის თითქმის ყველა ასე თუ ისე მნიშვნელოვან პრობლემას, გარდა ამისა, არისტოტელე აჯამებს მის წინამორბედთა მიერ მიღებულ შედეგებს და იძლევა მათ კრიტიკას. არისტოტელეს მსოფლმხედველობის რამდენადმე მაინც სრული დახასიათება ასეთ პატარა წერილში, ცხადია, შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმე პრობლემით, რომელიც დააყენა თუ გადაწყვიტა არისტოტელემ, რათა მკითხველს ზოგადი წარმოდგენა მაინც შევუქმნათ არისტოტელეს მსოფლმხედველობის შესახებ.

 

არისტოტელეს ფილოსოფია, საერთოდ, და მისი შემეცნების თეორია, კერძოდ, უაღრესად მჭიდრო კავშირშია წინამორბედთა ფილოსოფიურ სისტემებთან. არისტოტელე, უმეტეს შემთხვევაში, იმავე პრობლემებს ეხებოდა, რასაც მისი წინამორბედნი და ზოგჯერ მათგან მიღებული მემკვიდრეობის განვითარებასა და გაღრმავებას, ზოგჯერ მხოლოდ სისტემატიზაციას წარმოადგენდა. ყოველივე ეს კი მოითხოვდა არისტოტელეს მხრივ ამ მემკვიდრეობის არა ბრმად მიღებას, არამედ კრიტიკულ გადასინჯვას. ასეთი კრიტიკული პოზიცია უჭირავს არისტოტელეს პითაგორელების მიმართ. ამ შემთხვევაში, მათ მსოფლმხედველობათა შეხების წერტილს უსაზღვროების ანუ უსასრულობის საკითხი წარმოადგენს.

 

როგორც ცნობილია, პითაგორელებისათვის საწყისი უსასრულო ანუ უსაზღვრო იყო. პითაგორელები ამ საწყისის რეალური არსებობის მომხრენი იყვნენ. არისტოტელე პითაგორელებს სწორედ ამ პუნქტში დაესხა თავს, უარყო რა უსაზღვროების რეალური არსებობა. არისტოტელეს აზრით, უსაზღვროება არ წარმოადგენს ისეთსავე რეალურად არსებულს, როგორიცაა, მაგალითად, სახლი ან ადამიანი. ექვემდებარება რა ის განუწყვეტელი ქმნადობის პროცესს, ყოველთვის განსხვავებული გვეჩვენება.

 

ასხვავებდა რა მთელს უსასრულოსაგან, როგორც არამთელისაგან, აღნიშნავდა, რომ მთელს დაუსრულებლისგან განსხვავებით, არ შეიძლება რაიმე მიემატოს ან დააკლდეს. არისტოტელე შემდეგი არგუმენტებით უარყოფდა უსასრულობას: 1. შეუძლებელია უსასრულობა დავაშოროთ გრძნობად საგნებს; 2. ის ვერ გამოდგება საგანთა საწყისად, რადგან საწყისი განუყოფელია და არა უსაზღვრო და, მაშასადამე, უსაზღვროდ დაყოფადი; 3. ამავე მიზეზით, ე.ი. დაყოფადობის გამო, ის ვერც ელემენტი იქნება; 4. მას არ შეიძლება რეალური არსებობა ჰქონდეს, რადგან ის ისევე, როგორც ყოველი მისი ნაწილი, უსაზღვროდ დაყოფადია.

 

ამავე მიზეზით, არისტოტელე უარყოფდა საწყისობას რიცხვისა, რომელიც უმცირესის მხრივ სასრულოვანია, მაგრამ დაუსრულებელია მიმატების თვალსაზრისით. არისტოტელეს ყოველი დაუსრულებელი შეუცნობად მიაჩნდა, რაც მისთვის კიდევ ერთ დამატებით არგუმენტს წარმოადგენდა დაუსრულებელის რეალური არსებობის უარსაყოფად.

 

ყოველივე აქედან კი უფრო ზოგადი ხასიათის დასკვნა გამომდინარეობს: არისტოტელეს შეცნობადად მიაჩნდა საგნები, რომლებსაც რეალური ანუ ობიექტური არსებობა გააჩნდათ, წინააღმდეგ პოტენციალური, არარეალური არსებობის მქონე საგნებისა, რაშიც ის უსაზღვრო მოვლენებს გულისხმობდა.

 

არისტოტელე დაუპირისპირდა ჰერაკლიტესა და სოფისტებს შემეცნების საკითხებში. არისტოტელე მათ აერთიანებდა და აკრიტიკებდა იმიტომ, რომ ისინი უარყოფდნენ ყოველივე მყარს, როგორც ობიექტურ სინამდვილეში, ისე აზროვნებაში, რითაც სპობდნენ ურთიერთგაგებას და, მაშასადამე, აზროვნებას. არისტოტელეს იმდენად აბსურდულად მიაჩნდა ყოველივე ეს, რომ ზედმეტად თვლიდა მათ წინააღმდეგ კამათსაც კი.

 

არისტოტელეს შეუძლებლად მიაჩნდა ერთსა და იმავე მოვლენაზე ერთსა და იმავე ვითარებაში ერთმანეთისადმი დაპირისპირებული აზრების გამოთქმა, რომელნიც ჭეშმარიტნი იქნებოდნენ. ამიტომაც ებრძოდა პროტაგორას დებულებასაც იმის შესახებ, რომ ადამიანი არის საგნების საზომი და თუ ერთი და იგივე საგანი ზოგს მწარედ ეჩვენება, ზოგს ტკბილად, არისტოტელეს აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მათგანი სწორს ამბობს და მეორე არა. და რომ ამიტომ ერთი მათგანი ჯანმრთელია, მეორე კი არა.

 

შემდეგ, არისტოტელე აღნიშნავდა იმასაც, რომ რაოდენ ძალიან არუნდა იცვლებოდნენ შეგრძნებები, მათი არსებობა უცვლელია, სახელდობრ, ტკბილი ყოველთვის ტკბილია და მწარე ყოველთვის მწარე და ა.შ. და ასეთად დარჩება მომავალშიც. არისტოტელემ იცოდა, რომ პროტაგორას ზემომოტანილ დებულებას მივყავდით ყოველივეს ჭეშმარიტად ან მცდარად აღიარებამდე, რაც აბსურდი იყო.

 

ყოველივე ამის სათავე, ე.ი. სათავე შეცდომისა, მისი აზრით, იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ყოველივეს მოძრავად აცხადებდნენ. არისტოტელე ებრძოდა როგორც ამას, ასევე მის საპირისპირო მტკიცებას ყოველივეს უძრაობის შესახებ. ყოველივეს უძრავად გამოცხადება არისტოტელეს მიაჩნდა აზრის სისუსტედ, და არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ ყოველგვარი მეცნიერების უარყოფად.

 

ამრიგად, არისტოტელე უარყოფდა რა როგორც ყოველივეს მოძრავად, ისევე უძრავად გამოცხადებას, მიდიოდა სამყაროში ერთიმეორის გვერდით, როგორც მოძრაობის, ისე უძრაობის დაშვებამდე და, მაშასადამე, როგორც მცდარი, ისე ჭეშმარიტი დებულებების არსებობის აღიარებამდე, რაც თავისებური კორექტივი თუ განვითარება იყო სოფისტების მსოფლმხედველობისა.

 

მაგრამ არისტოტელე არ დაკმაყოფილებულა მთელ კოსმოსში ერთიმეორის გვერდით მოძრაობა-უძრაობის დაშვებით. მან ეს ორი მხარე თვით საგნებში აღმოაჩინა. არისტოტელე, წინააღმდეგ სოფისტებისა, ფიქრობდა, რომ არ არსებობს საგნის აბსოლუტური ცვალებადობა, სანამ ეს საგანი არსებობს და რომ ცვალებადი საგანი, ახალი თვისებების მიღებასთან ერთად, ინარჩუნებს ძველი თვისებების ნაწილს. ამიტომაც თუ ერთსა და იმავე საგანზე არსებობს საწინააღმდეგო აზრი, რაც მისი  ცვალებადობით არის გამოწვეული, ის საგნის სხვადასხვა მხარეს უნდა ეხებოდეს. უმეტეს შემთხვევაში, ერთი მათგანი საგნის წარმავალი მხარეების შესახებ უნდა იყოს გამოთქმული, მეორე კი მომავლისა. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ერთსა და იმავე ვითარებაში ერთსა და იმავე საგანზე ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო აზრი არასოდეს არ გამოითქმის.

 

მართალია, არისტოტელე წინააღმდეგი იყო აბსოლუტური უძრაობის ან მოძრაობის დაშვებისა და, მაშასადამე, მსჯელობის აბსოლუტური ჭეშმარიტების ან მცდარობის დაშვებისაც, მაგრამ შემეცნების ობიექტი მისთვის მაინც მყარი იყო, თუმცა, ისეთი მყარი, რომელიც ცვალებადში არსებობდა15. ცვალებადში მყარის ძიების ტენდენცია კი არისტოტელემ სოკრატესა და პლატონისაგან მემკვიდრეობით მიიღო, რითაც ის სოფისტებს დაუპირისპირდა. ამ ტენდენციამ მიიყვანა ის ფორმისა და შემდეგ კატეგორიების აღმოჩენამდე. მყარი ცვალებადში და ცვალებადის გვერდით - ასეთია არისტოტელეს შემეცნების ობიექტი, ასეთია მესამე კორექტივი, შეტანილი მის მიერ სოფისტიკაში. პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა და, აქედან გამომდინარე, მათი შემეცნების თეორიათა ურთიერთობის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია თვით არისტოტელეს მსოფლმხედველობის არსის დადგენისათვის.

 

არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიათა ურთიერთობის შესახებ ფილოსოფიის ისტორიკოსთა შორის, ძირითადად, ერთი საერთო აზრი არსებობს, რაც შემდეგზე დაიყვანება _ არისტოტელე, მართალია, კრიტიკულ დამოკიდებულებაშია პლატონის ფილოსოფიასთან, მაგრამ ამავე დროს ბევრ რამეს სესხულობს იქიდან და ამიტომ დიდად არის დავალებული მისგან.

 

ღრმადაც რომ არ ჩავიხედოთ არისტოტელეს ფილოსოფიაში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ არისტოტელე 20 თუ 17 წლის განმავლობაში იყო პლატონის მოწაფე, ყურადღებას ითხოვს არისტოტელეს ფილოსოფიის მკვლევართაგან. აპრიორი შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელეს ასეთ ხანგრძლივ ყოფნას აკადემიაში გარკვეული გავლენა უნდა მოეხდინა მთელ მის ფილოსოფიურ მოღვაწეობაზე, რაც, ცხადია, მასწავლებლის მიმართ მარტო კრიტიკულ დამოკიდებულებაში ვერ გამოვლინდებოდა. არისტოტელეს მიერ პლატონის ფილოსოფიასთან მიმართების შესახებ საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა „მეტაფიზიკა“, სადაც არისტოტელე თავს უყრის პლატონის იდეებზე მოძღვრების წინააღმდეგ მიმართულ არგუმენტებს.

1. არისტოტელეს ერთ-ერთი არგუმენტის მიხედვით, პლატონმა საგნებისაგან დაცილებული იდეების

დაშვებით საგნების რიცხვი გააორმაგა. 2. თუ იდეები საგანთა არსებებია, შეუძლებელია, ფიქრობს არისტოტელე, რომ მათ „იქ“ სხვაგვარი მნიშვნელობა ჰქონდეთ, ვიდრე „აქ“. 3. თუ საგნები იდეებს ეზიარებიან, ან უერთდებიან, იდეებსა და საგნებს შორის უნდა იყოს რაღაც „მესამე“, საერთო იდეებსა და საგნებს შორის, შემდეგ კიდევ რაღაც მეოთხე, საერთო მესამე იდეასა და საგნებს შორის და ა.შ. მაშასადამე, პროცესი დაუსრულებელი იქნება. 4. იდეებს, რომლებიც საგნებში არ იმყოფებიან, საგნებისათვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვთ. 5. იდეებისაგან საგნები არ მიიღებიან არც ერთი იმ გზით, რომელზეც პლატონი ლაპარაკობს, რადგან საგნები შეიძლება წარმოიშვნენ და მოისპონ იდეებისაგან დამოუკიდებლად, ე.ი. გარეშე იმისა, არსებობენ თუ არა იდეები. 6. იდეებსაც უნდა ჰქონდეთ თავისი იდეა და ამრიგად, ერთი და იგივე იდეა იქნება როგორც ნიმუში, ისევე ასლი, რაც დაუშვებელი იყო პლატონის მოძღვრების მიხედვით. 7. არ შეიძლება, რომ არსება არსებობდეს იმისაგან ცალკე, რის არსებასაც ის წარმოადგენს. 8. იდეების არსებობისდა მიუხედავად, საგნები მაინც არ წარმოიშობიან, თუ არ არსებობს მოძრაობის მიზეზი. 9. საგანთა არსება არ შეიძლება რიცხვი იყოს, რადგან ამ შემთხვევაში საგანიც რიცხვი უნდა ყოფილიყო. 10. თუ საწყისი რიცხვი არაამქვეყნიურია, მაშინ საგნებიც ასეთნი უნდა ყოფილიყვნენ. 11. თუ საგნები წარმოადგენენ დამოკიდებულებას რიცხვებს შორის, მაშინ მათ საფუძვლად უნდა ჰქონდეთ რაღაც სხვა, რომლის ურთიერთობასაც ისინი გამოხატავენ. 12. საგანთა საწყისები ვერ იქნებიან ვერც რიცხვის შემადგენელი ერთეულები, რადგან მათ თვისებები არა აქვთ და საგანთა სიმრავლეს ვერ წარმოშობს ვერც მათი შეერთება და ვერც დაშორება. 13. არისტოტელეს აზრით, პლატონმა ვერ გადაწყვიტა ვერც მოძრაობის საკითხი, რადგან მასთან იდეები უძრავნი იყვნენ და ამიტომ გადაუწყვეტელი რჩებოდა საკითხი იმის შესახებ, თუ საიდან ჩნდებოდა მოძრაობა. 14. პლატონმა და მისმა მიმდევრებმა ვერც საგანთა ერთიანობის საფუძველი მონახეს, რადგან ზოგადის გამოყოფით კონკრეტულისგან ვერ დაადგინეს ყოველივეს ერთიანობა, არამედ მიიღეს რაღაც დამოუკიდებელი, რომელიც საგანთა ერთიანობას ვერ გვიხსნის. 15. არისტოტელეს შეუძლებლად მიაჩნდა ყველა საგანთა საწყისი ელემენტების შეცნობა, რადგან ამ ელემენტების შეცნობამდე ადამიანს არაფერი არ უნდა სცოდნოდა. 16. თუ ყველა საგანი შედგება ერთი და იმავე ელემენტებისაგან, მაშინ საგნები უნდა გვცოდნოდა აღქმამდე, რაც შეუძლებელია. 17. რადგან ყოველ საგანს მრავალი მხარე აქვს, აუცილებელია, რომ თითოეულ მათგანს რამდენიმე იდეა ჰქონდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია იდეების საგნებისაგან დამოუკიდებელი არსებობის გამო. 18. თუ ერთი და იგივე იდეა გამოხატავს როგორც ორფეხიანობას, ისევე მრავალფეხიანობას, მაშინ ერთსა და იმავე იდეაში საწინააღმდეგო თვისებები ყოფილა გაერთიანებული, რაც არისტოტელეს დაუშვებლად მიაჩნია. 19. პლატონს აუხსნელი დარჩა იდეების წარმოშობის გზა. 20. თუ იდეა საერთოა ბევრი საგნისათვის, ის მათში ვერ იარსებებს. 21. მარადიული საწყისები არ შეიძლება არსებობდნენ, რადგან აუხსნელი რჩება, თუ როგორ არიან ისინი ერთდროულად როგორც წარმავალი, ისევე წარუვალი საგნების საწყისები. 22. საწყისად არც გეომეტრიული სხეულები გამოდგებიან, რადგან ისინი დამოუკიდებელნი არ არიან, არამედ წარმოადგენენ დამოუკიდებლის რაღაც საზღვარს. 23. საგნები იდეებისაგან არ წარმოიშობიან არც ერთი იმ გზით, რაზეც იდეის არსებობის მომხრენი უთითებენ, რადგან თუ იდეები საგანთა არსებებია, მათ ძირითადად ისეთივე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ, როგორც საგნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იდეებსა და საგნებს მხოლოდ სახელი ექნებათ საერთო. 24. როდესაც იდეების არსებობის მომხრენი იდეებს უშვებენ საგანთა დამოკიდებულების აღსანიშნავად, ამით ისინი საგანთა დამოკიდებულებას საგნებზე წინარე არსებობას მიაწერენ, რომელთა დამოკიდებულებასაც ისინი წარმოადგენენ. ეს კი დაუშვებელია არისტოტელეს თვალსაზრისით. 25. თუ იდეები ერთეული საგნებია, მათი განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა.

 

არისტოტელეს იდეებზე მოძღვრების კრიტიკა მოცემული აქვს „ფიზიკაშიც“, სადაც აღნიშნავს, რომ საგნებს მათი მათემატიკური ან გეომეტრიული მხარე შეიძლება ჩამოსცილდეს მხოლოდ გონებით, აბსტრაქციის გზით და არა ფაქტიურად. როგორც თვით არისტოტელეც აღნიშნავს, ამ კრიტიკის მიზანი იყო იმის გამორკვევა, არსებობს თუ არა რაიმე სხვა არსი შეგრძნებადი მოვლენების გვერდით.

 

ამ არგუმენტთა საფუძველზე კი არისტოტელე ასკვნიდა, რომ იდეები იმ ფორმით, როგორც ამას იდეათა მომხრენი უშვებდნენ, არ შეიძლება არსებობდნენ. და რომ ამიტომ ისინი უარყოფილი უნდა იქნან.

 

როგორც ვხედავთ, არისტოტელე პლატონის მოძღვრებას იდეების საგნებთან გამოცალკევების გამო აკრიტიკებდა. სწორედ ამიტომ არ გამოდგებიან ისინი საგანთა არსებობის, წარმოშობის, მოძრაობის და სხვა დანარჩენი მხარეების თუ თვისებების ასახსნელად, ფიქრობდა ის. მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ არისტოტელეს კრიტიკა განპირობებული იყო არა მარტო მეტაფიზიკურ-ონტოლოგიური, არამედ გნოსეოლოგიური ინტერესებითაც.

 

არისტოტელესთვის იდეები არ გამოდგებოდნენ არა მხოლოდ საგანთა არსებობის ასახსნელად, არამედ მათ შესაცნობადაც. გარდა ამისა, ისინი თვით ხდებოდნენ შეუცნობელნი მიღმური არსებობის გამო. ამ სიძნელეებიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი იყო - იდეების თვით საგნებში შეტანა, ანუ ზოგადის კონკრეტულშივე მოთავსება, და არისტოტელემაც სწორედ ამ მიმართულებით განავითარა სოკრატეპლატონისაგან დაწყებული ძიება. მან პლატონისაგან მიღმა გატანილი ზოგადი ისევ მიწაზე აღმოაჩინა, რითაც კაცობრიობა გამოიყვანა პლატონის ფილოსოფიით შექმნილი ჩიხიდან და შემდგომი წინსვლისა და განვითარების პერსპექტივები გადაუშალა.

 

მაგრამ შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ არისტოტელე ამ შემთხვევაში თანმიმდევრული იყო? რომ მისთვის ზოგადი, როგორც შემეცნების საგანი, ყველგან ობიექტური, მატერიალური იყო? შორს რომ არ წავიდეთ, „მეტაფიზიკაშივე“, სადაც ასეთი პრინციპული კრიტიკაა იდეებისა, გვხვდება ადგილები, რომლებიც მოწმობენ არისტოტელეს მიერ იდეების მაგვარი რეალობის დაშვებას. რომ არა ვთქვათ რა ფორმაზე, რომელიც შემდეგში პლატონის იდეების როლს თამაშობდა, არისტოტელეს უძრავი მამოძრავებელიც სხვა არა იყო რა, თუ არა რაღაც სუროგატი პლატონის იდეებისა, მისი უმაღლესი იდეისა მაინც. არისტოტელე მეორეგან უფრო გარკვევით მიუთითებს, რომ ესაა რეალობა, რომელსაც არა აქვს მატერია, რომ იგი ყოველივეს ამოძრავებს ისე, რომ თვით არ მოძრაობს.

 

საგნების და მათი თვისებების ფორმებიც მხოლოდ პლატონის იდეების სახეცვლილებანი იყვნენ. არისტოტელეს ფორმა ისევე უპირისპირდებოდა უსაზღვრო მატერიას, როგორც პლატონის იდეები. როგორც პლატონთან, არისტოტელესთანაც მატერია იყო ქაოტური, უსაზღვრო, სახის არმქონე, სადაც წესრიგი და გარკვეულობა ფორმას შეჰქონდა. ასე დაიკავა მასთან მატერიამ პლატონის „სხვის“ადგილი, ხოლო ფორმებმა - იდეებისა. ამას გარდა, არისტოტელესათვის სახეები და გვარები ისევე მარადიულნი იყვნენ, როგორც პლატონის იდეები.

 

რით იყო გამოწვეული არისტოტელეს ეს კომპრომისი პლატონიზმის წინაშე? ეს იყო შედეგი მისი ცდისა - დაეძებნა შემეცნებისათვის, როგორც უმაღლესი ფსიქიური უნარისათვის, შესატყვისი ობიექტი.

 

ასეთ ობიექტად კი, მისი აზრით, არ გამოდგებოდა კონკრეტული, მატერიალური საგანი, რადგან, როგორც ის აღნიშნავდა, მეცნიერება არ სწავლობდა კონკრეტულ ადამიანს - სოკრატეს, არამედ ადამიანობას საერთოდ, ე.ი. ზოგადს. ასე ჩამოყალიბდა არისტოტელესთან შემეცნების ზოგადი, არამატერიალური, მარადიული ობიექტი. მაგრამ ეს ნიშნები ჰქონდა პლატონის იდეასაც. ყოველ შემთხვევაში, პლატონი მას ამ ნიშნებს სიტყვით მაინც მიაწერდა, თუ არა საქმით. და აი, პლატონისაგან განსხვავებით, არისტოტელემ მათ მატერიალური საგნებისაგან დამოუკიდებელი არსებობა წაართვა და ისევ მატერიალურსავე საგნებში მოათავსა, რითაც ის, თითქმის, გამოეხმაურა სოკრატეს. მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ უკან დაბრუნება სოკრატესკენ, არამედ ეს იყო ამავე დროს მისგან დაშორებაც, რადგან არისტოტელე აქ არ შეჩერებულა. ასე დადგენილმა შემეცნების ობიექტმა მიიყვანა ის ცნობილ მოძღვრებამდე კატეგორიების შესახებ, საერთოდ, ლოგიკის მეცნიერებამდე, რაც შემდეგ, როგორც ფილოსოფიის, ისევე მეცნიერებათა განვითარების ქვაკუთხედად იქცა.

 

არისტოტელეს თხზულებებში არის როგორც ისეთი ადგილები, რომლებიც მას ინდუქციის მომხრედ წარმოგვიდგენდნენ, ისე ისეთიც, რაც მას დედუქციის მომხრედ გვიხასიათებენ. კერძოდ, „ფიზიკაში“ არისტოტელე აღნიშნავს, რომ ჯერ ზოგადი ცოდნა უნდა დავალაგოთ საგნის შესახებ და შემდეგ შევეხოთ უკვე საგნისათვის დამახასიათებელ ცალკეულ მხარეებსო. მისი აზრით, საჭიროა კვლევა მიემართებოდეს ზოგადიდან კერძოსაკენ. ანიჭებდა რა დედუქციას უპირატესობას ინდუქციასთან შედარებით, მოითხოვდა ჯერ სილოგიზმისა და შემდეგ დასაბუთების განხილვას იმ მოსაზრებით, რომ პირველი მეორესთან შედარებით უფრო ზოგადია.

 

ყოველივე ეს კი გამომდინარეობდა იქიდან, რომ არისტოტელე უპირატესობას ანიჭებდა ზოგადის ცოდნას კონკრეტულთან შედარებით. მისი აზრით, მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს ყოვლისმომცველი ცოდნა, ვინც ზოგადი იცის. ცოდნა ზოგადისა იმიტომ არის სხვა სახის ცოდნაზე უფრო ღირებული, არისტოტელეს აზრით, რომ ის დამოუკიდებელია და მიზანს თავის თავში ატარებს, ამიტომ მხოლოდ ის არსებობს თავის თავისთვის და არა სხვისთვის. ყველაზე უფრო სრულყოფილი ცოდნა მაშინ შეიძლება გვქონდეს, როდესაც საგნის არსება ვიცით და არა მაშინ, როდესაც საგნის ამა თუ იმ მხარეს ვწვდებით მხოლოდ, რაც, აგრეთვე, აშკარად ზოგადი ცოდნისათვის უპირატესობის მინიჭებას ნიშნავდა კონკრეტულის წინაშე. არისტოტელეს აზრით, იმათ, ვინც კონკრეტული, ფაქტობრივი მდგომარეობა იციან, ნაკლებ ღირებული ცოდნა გააჩნიათ, ვიდრე იმათ, რომლებმაც იციან მიზეზები. იგულისხმება “რატომ”, რადგან მეორეთ უფრო ზოგადი ცოდნა აქვთ პირველებთან შედარებით26. მართალია, არისტოტელე დროული არსებობის მიხედვით, პირველადად თვლის კონკრეტულ, ერთეულ საგანს, სადაც ფორმა და მატერია ერთად გვხვდება, მაგრამ განსჯის მიხედვით კი მისთვის არსება, ზოგადია პირველი. თუ დავეყრდნობით მხოლოდ ამ მასალებს, შეიძლებოდა მივსულიყავით დასკვნამდე, რომ არისტოტელე მხოლოდ დედუქციის მომხრეა. მაგრამ არსებობს მასალები, რომლებიც იძლევიან საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობასაც. თუმცა, ასეთი მასალები შედარებით მჭლედ არის მოცემული არისტოტელეს თხზულებებში. მაგალითად, „ნიკომაქეს ეთიკაში“ არისტოტელე ხაზს უსვამს, რომ საჭიროა განსხვავებულ იქნას როგორც ის მეთოდი, რომელიც პრინციპებიდან მოედინება, ისევე ის, რომელიც მიდის პრინციპებისკენ, რაც ფაქტიურად, როგორც ინდუქციის, ისე დედუქციის გამოყენების მოთხოვნას გულისხმობდა.

 

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა „ცდის“ არისტოტელესეული განსაზღვრება. „ცდა“ მისთვის ერთსა და იმავე საგანზე მოგონებათა რიგს წარმოადგენს. ცოდნა კი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გროვდება მრავალი ცდა, გამოცდილება და ამის საფუძველზე მიიღება ზოგადი წარმოდგენა საგნებზე; მაშასადამე, აღქმიდან მოგონებისაკენ, მოგონებიდან ცდისაკენ, ხოლო ცდიდან ცოდნისაკენ. ასეთია არისტოტელეს მიერ მიღებული ინდუქციური გზა ზემოხსენებული დედუქციურის გვერდით, ზოგადიდან, არსებიდან და მიზეზებიდან რომ იწყებოდა. ყოველივე ამის შემდეგ არ იქნებოდა სწორი, არისტოტელე მხოლოდ დედუქციური მეთოდის მომხრედ გამოგვეცხადებინა, რადგან არისტოტელე იყენებდა და იცავდა როგორც ინდუქციას, ისევე დედუქციას.

 

არისტოტელე არა ერთხელ იმეორებს აზრს იმის შესახებ, რომ კვლევა უნდა მიემართებოდეს ჩვენთვის მეტად ცნობილი მოვლენებიდან თუ დებულებებიდან ნაკლებად ცნობილი მოვლენებისა თუ დებულებებისაკენ. სხვაგან არისტოტელე აღნიშნავდა, რომ კვლევა უნდა დაწყებულიყო ნაკლებად ცნობილი და ადვილად მისაწვდომი ობიექტიდან. არისტოტელეს შემეცნების თეორიის მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს შემეცნების ობიექტის საკითხს არისტოტელესთან. არც ამ საკითხზეა გარკვეული და საბოლოოდ დადგენილი აზრი მკვლევართა შორის, ასე რომ, ეს საკითხიც პრობლემურ საკითხთა რიგს უნდა მივაკუთვნოთ. თუ როგორია თვით არისტოტელეს პოზიცია ამ საკითხში, უნდა გადაწყდეს კონკრეტული მასალების საფუძველზე არისტოტელეს თხზულებებიდან. როგორია ეს მასალები?

 

ერთი მხრივ, არისტოტელე აღნიშნავს, რომ შემეცნების ობიექტი წინ უსწრებს შემეცნებას, რომ უმეტეს შემთხვევაში ცოდნა მაშინ გვაქვს, როდესაც ცოდნის ობიექტებს ცოდნის წინარე არსებობა გააჩნიათ. არაა შემთხვევა, რომ ცოდნა და ცოდნის ობიექტები ერთდროულად ჩნდებოდნენ; რომ ცოდნის ობიექტის არარსებობა სპობს ცოდნას მაშინ, როდესაც არა გვაქვს შებრუნებული მდგომარეობა, რომ არცოდნა ცოდნის ობიექტსა სპობდეს, რადგან თუ არა გვაქვს ცოდნა, შესაძლებელია, არსებობდნენ თვით ობიექტები. ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს არისტოტელე აღქმისა და აღქმის ობიექტის შესახებ, აღქმის ობიექტი არსებობს აღქმამდე და აღქმის არარსებობა ან შეწყვეტა არ სპობს აღქმის ობიექტს. „ფიზიკაში“ არისტოტელე ავითარებს აზრს, რომ ჩვენი წარმოდგენის შინაარსი დამოკიდებულია მისგან დამოუკიდებლად არსებულ ობიექტზე.შემეცნების ობიექტს არისტოტელე განსაზღვრავს, როგორც არსებას, არსება კი სხვაზე არაა დამოკიდებული, არამედ მისგან დამოუკიდებელია და ყოველივე სხვა მასზეა დამოკიდებული. არისტოტელე იმასაც კი აღნიშნავს, რომ ზოგადი ერთეულ საგანზეა დამოკიდებული. უფრო ღრმად ზოგადისა და ერთეულის ურთიერთობის საკითხი არისტოტელეს ნაკვლევი აქვს თხზულებაში „სულის შესახებ“, სადაც ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ გრძნობადი საგნების გარდა, დამოუკიდებლად არაფერი არ არსებობს, აზრის საგანს კი არისტოტელე შიფრავს, როგორც აბსტრაქციას, ზოგადს. ამიტომაც აღნიშნავს ის, რომ ვისაც შეგრძნებები არა აქვს, მან არც არაფერი იცის.

 

არისტოტელე დამოუკიდებელ არსებობას მხოლოდ ერთეულ საგანს ანიჭებს. რაც შეეხება ზოგადს, ის ყოველთვის სხვაზე ითქმის, გამოხატავს რა ყოველთვის „ასეთ“-ს ან „ისეთს“-ს და არასოდეს „იმას“ ან „ამას“, რაც მას სხვისაგან დამოკიდებულსა ხდის. არისტოტელე ამავე მოტივით უპირატესობას აძლევს ერთეულ საგანს საწყისთან, ელემენტთან ან მიზეზთან შედარებით. სინამდვილე პირველ ადგილზე იმყოფება, როგორც ლოგიკური ფორმულირების მიხედვით, აღნიშნავს არისტოტელე, ისევე არსებობის თვალსაზრისითაც. მეორეგან არისტოტელე დასძენს, რომ ის პირველია დროშიც და ყოველთვის ფორმისა და მატერიის ერთიანობას წარმოადგენს.

 

ასეთია შემეცნების ობიექტი არისტოტელესთვის, რაც, ერთი მხრივ, სინამდვილეში შეგრძნებების ობიექტს ნიშნავს. მეორე მხრივ, არისტოტელე აღნიშნავს ამ ობიექტის ნაკლოვან მხარეებს, რაც მას შემეცნების უფრო უნაკლო ობიექტის ძიებას უკარნახებს, როგორც პლატონს. ერთეული საგნის ეს ნაკლოვანი მხარე, ძირითადად, იმაში მდგომარეობს, რომ ის წარმოიშობა და ისპობა, რაც მატერიასთან მისი კავშირით არის განპირობებული. ზოგადი კი, როგორც მატერიისაგან დაცილებული, მარადიულია. მართალია, ზოგადიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ის არ წარმოიშობა და არ ისპობა,  რაც ერთეული საგნისათვის აუცილებელია და გარდაუვალი.

 

სწორედ ესაა საგანი მეცნიერებისა. მეცნიერება, რომელიც ყოველგვარ ცოდნაზე მაღლა დგას, მოითხოვს ობიექტს, რომელიც ყოველი სხვა სახის ცოდნაზე უკეთესი იქნება. მეორეგან არისტოტელე ამ ობიექტს ყველაზე უფრო ძვირფასსა და ღვთაებრივს უწოდებს. მაგრამ არისტოტელე ამაზე არ ჩერდება, მიდის უფრო შორს, როცა აღნიშნავს, რომ აზროვნების ეს ობიექტი მისთვის გარეშე კი არაა, არამედ მასშივეა მოცემული, რომ აზროვნება და აზროვნების ობიექტი, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივეა, რომ აზროვნება მოიაზრებს არა რაღაც გარეშეს, არამედ თავისსავე თავს. ყოველივე ამას კი არისტოტელე იმით ხსნის, რომ აზრს აქვს ობიექტად ისეთი რამ, რაც არაა დაკავშირებული მატერიასთან და ამრიგად, აზროვნება აზრის მოაზრებად იქცევა მასთან.

 

ასე გაჩნდა არისტოტელესთან შემეცნების ორი ობიექტი: ერთი მხრივ, სხეულებრივი, მატერიალური, ერთეული, მატერიალური თვისებების - განფენილობის, ადგილმდებარეობის, ქმნადობა-წარმავლობის და სხვათა - მქონე, მეორე მხრივ, ზოგადი, დროისა და სივრცის გარეშე მყოფი, უცვლელი და გარდაუვალი. აქედან პირველი შეგრძნებების საგნად იქცა, მეორე კი ჭეშმარიტი შემეცნებისა და მაშასადამე მეცნიერების. პირველია მატერიალური, მეორე კი იდეალური. პირველი ობიექტები ხან არსებობენ და ხან არა და ამიტომ ხან იძლევიან ცოდნას და ხან კი არა. მეცნიერების ობიექტი კი, ზოგადი, რომელიც არსებობს მუდმივად, წარმოადგენს ცოდნის წყაროს და ურყევ ცოდნასაც გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულს აქვს წარმოშობა-ქმნადობის უნართან ერთად დამოუკიდებელი არსებობის უნარიც, ორივე შემეცნების ობიექტია, ოღონდ წარმავალი საგნები - დაბალ საფეხურზე, ზოგადი კი - მაღალ საფეხურზე.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არისტოტელე ყველა მეცნიერებათაგან ასხვავებდა ფილოსოფიის ობიექტს. ასეთად კი საგანთა საწყისებისა და მიზეზების კვლევა მიაჩნდა. ამიტომ ის მეცნიერებას მიზეზთა შესახებ, ანუ ფილოსოფიას, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მეცნიერებად თვლიდა.

 

მოტანილი მასალების საფუძველზე არ შეიძლება იმის თქმა, თუ რომელს მისცა არისტოტელემ უპირატესობა თავის შემეცნების თეორიაში - ერთეულსა თუ ზოგადს. ის მათ სხვადასხვა თვალსაზრისით იხილავდა და სხვადასხვა თვალსაზრისითვე აძლევდა უპირატესობას. სხვა საკითხებთან შედარებით, საკითხი შეგრძნებების შესახებ არისტოტელეს უფრო დეტალურად აქვს დამუშავებული. ამ საკითხის ზოგიერთი მხარე მას გადაწყვეტილიც აქვს, ზოგიერთის შესახებ კი მხოლოდ  პრობლემა აქვს დაყენებული.

 

არისტოტელე როგორც აზროვნებაში, ისევე შეგრძნებებში ასხვავებდა მათს არსებობას შესაძლებლობასა და სინამდვილეში. პოტენციურად არსებული შეგრძნება კი განხორციელებისათვის საჭიროებს პირობებს. არისტოტელე შეგრძნებას ადარებდა იმ საწვავ მასალას, რომლის ასაალებლადაც რაღაც ზემოქმედება იყო საჭირო. უკვე განხორციელებული შეგრძნება გრძნობის სხვადასხვა ფორმაში ვლინდება და ის შეგრძნება კი აღარაა, არამედ გრძნობაა.

 

შეგრძნება, ფიქრობდა არისტოტელე, იღებს საგანთა ფორმას და არა მატერიას, როგორც სანთელი, რომელიც აღბეჭდავს საგანთა მხოლოდ გარეგან გამოსახულებას, მატერიის გარეშე. შეგრძნებათა ადგილსამყოფელად კი მას გული მიაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ის ამას გარკვევით ამბობდა გემოვნებისა და შეხების შეგრძნების შესახებ, რომ შეგრძნება და მთელი ფსიქიკა დაკავშირებულია სისხლთან. ყველაზე უფრო ძლიერი შეგრძნების უნარი აქვთ იმ ცხოველებს, რომლებსაც უფრო სუფთა და თხელი სისხლი აქვთ. ასეთი ცხოველების ფსიქიკაც სხვებთან შედარებით, უფრო მეტად არის რაფინირებული.

 

არისტოტელეს აზრით, სუფთა სისხლის მქონეთ მეტი შემოქმედებითი უნარი აქვთ, ხოლო თხელი და ცივი სისხლის მქონეთ კი მეტი აზროვნების უნარი. არისტოტელესთან გვხვდება ისეთი ადგილებიც, სადაც გატარებულია საწინააღმდეგო აზრი, რომ ადამიანები შეგრძნებებს აღიქვამენ არა სისხლით, არამედ ხორცით ან რაღაც მისდაგვარით. თვით სისხლს კი შეგრძნების უნარი არ გააჩნია. ეს უნარი არა აქვს არც ქონს. და მთელი სხეული რომ ქცეულიყო ან სისხლად, ან ქონად, მას არ ექნებოდა უნარი შეგრძნებისა.

 

როგორ შევათანხმოთ ყოველივე ეს ზემოთქმულთან? არისტოტელეს ამის შესახებ არა აქვს არავითარი მითითება. საფიქრებელია, რომ არისტოტელე სისხლს თვლიდა აუცილებლად შეგრძნებების მიღებისათვის, მაგრამ მხოლოდ ის არ მიაჩნდა ამისათვის საკმარისად. არისტოტელემ იცოდა, რომ ყოველი შეგრძნების ორგანოს აქვს თავისი აღქმის ობიექტი. კერძოდ, მხედველობის ობიექტად ასახელებდა ფერს, სმენისას ბგერას და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ფიქრობდა, რომ არსებობენ ისეთი თვისებებიც, რომლებიც საერთოა რამდენიმე შეგრძნების ორგანოსათვის, ასეთთა შორის ასახელებდა მოძრაობას, უძრაობას, რიცხვს, ფიგურას, სიდიდეს და ა.შ.

 

არისტოტელე აღნიშნავდა, რომ აღქმული და აღქმა ერთდროულად არ არსებობენ, და რომ აღსაქმელი წინ უსწრებს აღქმას. ამრიგად, არისტოტელე ყოველგვარი ეჭვის გარეშე აყენებდა იმას, რომ აღქმის გამომწვევი აგენტები გარედან მოქმედებენ. ავითარებდა რა ამ აზრს, აღნიშნავდა, რომ თვისებრივი ცვალებადობა არის შედეგი გრძნობად-აღქმადი არისტოტელე, ცხოველთა ნაწილების შესახებ, საგნების ზემოქმედებისაო. არისტოტელეს სიამოვნება-უსიამოვნების შეგრძნებებიც გარე ობიექტების ზემოქმედებიდან გამოჰყავდა. ამ აგენტებს არისტოტელე ახასიათებდა როგორც მოძრავთ და ცვალებადთ, ამ მხრივ, არისტოტელე შეგრძნებების ობიექტებს გონებისას უპირისპირებდა, რომელიც მას უცვლელად მიაჩნდა.

 

მაგრამ არისტოტელეს არ გამორჩენია მხედველობიდან სუბიექტობიექტის მჭიდრო კავშირი; ის, რომ შეგრძნებები დამოკიდებულია არა მარტო ობიექტზე, არამედ სუბიექტზე და მის მდგომარეობაზე და ამიტომ შეგრძნებებს სუბიექტ-ობიექტის კავშირის ვითარებაში იხილავდა; რომ შეგრძნებების შესაძლებლობიდან სინამდვილეში გადასვლისას არსებობს არა მარტო ის, რასაც წარმოვიდგენთ, ე.ი. წარმოდგენის შინაარსი, არამედ მისგან დამოუკიდებელი ობიექტიც; ამას გარდა დრო, როდესაც მას წარმოვიდგენთ; აგრეთვე შეგრძნებები და მათი მდგომარეობა; ერთი სიტყვით, პირობები, რომლებშიც შეგრძნებები ხორციელდება.

 

არისტოტელეს აზრით, ჭეშმარიტება არაა თვით საგნებში, არამედ მსჯელობაში საგნების შესახებ, რადგან მსჯელობისას რაღაცას რაღაცას ვაწერთ, ან არ ვაწერთ. მსჯელობა კი შეიძლება იყოს როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი. ამრიგად, ჭეშმარიტება ან შეცდომა არსებობს სუბიექტში. არისტოტელე არაერთგზის აღნიშნავდა, რომ შეგრძნებებს უნდა ვენდოთ, რომ ისინი არასოდეს არ ცდებიან, რომ შეცდომა აზროვნებაშია.

 

არიტოტელე ამიტომაც წინააღმდეგი იყო აზროვნებისა და შეგრძნებების გაიგივებისა, რადგან შეგრძნება, მისი აზრით, ახასიათებს ყველას, აზროვნება კი - არა. რადგან შეგრძნებებს საქმე აქვთ ცალკეულ, კონკრეტულ საგნებთან, ისინი არ შეიძლება ცდებოდნენ. შეცდომა მხოლოდ შეკავშირებაშია. არისტოტელე ასხვავებდა შეგრძნებებს წარმოდგენებისა და შეხედულებებისაგან და ფიქრობდა, რომ შეგრძნებები ყოველთვის ჭეშმარიტნი არიან, წარმოდგენები და შეხედულებები კი მხოლოდ ზოგჯერ. შეგრძნებებისათვის ასეთი ნდობის გამოცხადება მას შემდეგ, რაც პლატონმა სრულიად უარყო ისინი, პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა. არისტოტელე აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა გვაქვს მაშინ, როდესაც შეერთებულად იმას ვთვლით, რაც სინამდვილეშიც შეერთებულია და პირიქით, დაშორებულად იმას ვთვლით, რაც სინამდვილეშიც ასეა. სიცრუე კი ამ მხრივ უპირისპირდება ჭეშმარიტებას.

 

„ეთიკაში“ არისტოტელე ავითარებდა რა ამ აზრს, აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტება ჭეშმარიტად არსებულთან უნდა იყოს თანხმობაში. ეს კი არისტოტელე,  გამოყოფს მას არაჭეშმარიტებისაგან. არისტოტელე აღნიშნავდა, რომ შეცდომები შეიძლება იყოს შეგრძნებებშიც.

 

მაგრამ ამას არისტოტელე მიაწერდა არა თვით შეგრძნებებს, არამედ იმას, რაც შეგრძნებას ახლავს თან და რაც შემთხვევით სდევს მას. არისტოტელეს შეცდომის უფრო კონკრეტული განსაზღვრებაც მოეპოვება. შეცდომა, მისი აზრით, არის ჭეშმარიტების უარყოფა. შეცდომა წინააღმდეგ ჭეშმარიტებისა, ფიქრობს არისტოტელე, აკავშირებს ისეთ მხარეთ, რომლებიც სინამდვილეში არ არიან დაკავშირებულნი, ანდა პირიქით, აშორებს ისეთ მხარეთ, რომელთა დაშორება აგრეთვე არ შეიძლება. მეორე მხრივ, არისტოტელეს მტკიცებით, ჭეშმარიტებაში დაუშვებელია წინააღმდეგობა, და რომ ის თავის თავთან უნდა იყოს შეთანხმებული, რაც თანხმობაში იყო მის მიერ არაერთგზის გამოთქმულ დებულებასთან იმის შესახებ, რომ ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო დებულება ერთდროულად, ერთ ვითარებაში ჭეშმარიტი არ შეიძლება იყოს. ყოველივე ეს არა მხოლოდ ჭეშმარიტებისა და შეცდომის არსის განსაზღვრებაა, არამედ ჭეშმარიტების კრიტერიუმის განსაზღვრებაც არის. აქედან ცხადი ხდება, რომ არისტოტელესთვის ჭეშმარიტება ჩვენი აზრის სინამდვილესთან შეთანხმებაში მდგომარეობს, შეცდომა კი - სინამდვილიდან დაცილებაში.

 

არისტოტელეს ცნობილი დებულება იმის შესახებ, რომ ის მაღლა აყენებს ჭეშმარიტებას პლატონთან შედარებით, თუმცა მისთვის ორივე ძვირფასია, თავისებური გამოყენებაა ამ კერძო შემთხვევისათვის მისი დებულებისა ჭეშმარიტების კრიტერიუმის შესახებ. თუ მისთვის ჭეშმარიტება საერთოდ არის აზრის სინამდვილესთან შეთანხმება, ამ შემთხვევაში, მისი კრიტიკა პლატონის მოძღვრებისა დამოუკიდებელია პლატონთან მისი ურთიერთობისაგან და განპირობებულია მხოლოდ პლატონის შრომებით, რომლებიც მის ასეთ კრიტიკას იმსახურებენ. ჭეშმარიტების შესახებ არისტოტელეს შეხედულებების ცალკეული კონკრეტული საკითხებიდან აღსანიშნავია ის, რომ არისტოტელე ამტკიცებდა აბსოლუტური ჭეშმარიტების შედარებითიდან [შეფარდებითიდან] მიღების შესაძლებლობას. ცალკეული პიროვნებანი, წერდა არისტოტელე, ან არაფერს, ან ძალიან მცირეს უმატებენ საბოლოო ჭეშმარიტებას, მაგრამ როდესაც ყოველივე ეს გროვდება ერთად, მიიღება საკმაოდ დიდი ჭეშმარიტება, დიდი ცოდნა.

 

თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ იმას, რაც ზემოთ იყო თქმული, შეიძლება გვეფიქრა, რომ არისტოტელემ ჭეშმარიტება და მისი კრიტერიუმი ემპირისტულად გადაწყვიტა. მაგრამ ყოველივე ამის პარალელურად არისტოტელეს თხზულებანი საწინააღმდეგო თვალსაზრისის გამომუშავების საშუალებას იძლევა. კერძოდ, „მეტაფიზიკაში“ ვხვდებით ადგილებს, რომელთა მიხედვით, არისტოტელესათვის ჭეშმარიტი ცოდნა არ შეიძლება ემყარებოდეს მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობაში მყოფ არსთ, ე.ი. კონკრეტულ ემპირიულ საგნებს, არამედ უცვლელსა და მარადიულს62. მართალია, არისტოტელე ასეთ საგნებად მიიჩნევს დიდ კოსმიურ სხეულებს, მნათობთ, მაგრამ აქედან ერთი რამ ცხადია, რომ ის „აქაურ“ გრძნობად, ცვალებად საგნებს არ ეყრდნობა ჭეშმარიტი ცოდნის გამომუშავების საქმეში.

 

„მეტაფიზიკაშივე“ გამოთქმულია აზრი იმის შესახებ, რომ შეუძლებელია შეცდომა არსების მიმართ, ე.ი. ზოგადის მიმართ, რადგან ის არსებობს ყოველთვის სინამდვილეში და არა შესაძლებლობაში და არ ექვემდებარება ქმნადობის პროცესს. ამიტომ მხოლოდ მის შესახებ შეიძლება გვქონდეს ჭეშმარიტი ცოდნა, რომ ის შეიძლება გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ, მაგრამ მის მიმართ შეცდომა შეუძლებელია. თუ გავიხსენებთ იმას, რომ არისტოტელესათვის ისეთი ობიექტები არსებობდნენ არა მხოლოდ ერთეულ საგნებში, არამედ უმეტესად გონებაში და მასთან იგივეობრივნი იყვნენ, მაშინ ცხადი გახდება, რომ არისტოტელესათვის ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტება, საერთოდ, იდეალურის შესახებ არსებობდა.

 

სწორედ ასეთ არსთა შესახებ აღნიშნავდა არისტოტელე, რომ ის გრძნობად აღქმასთან შედარებით მარტივია, და რომ ამიტომ მეტი სიზუსტეც ახასიათებს. ყოველივე ეს კი არისტოტელეზე პლატონის თავისებური გავლენა იყო.

 

მაგრამ, მიუხედავად ასეთი ცოდნის წინ წამოწევისა, მას არ უარუყვია შეგრძნებები, როგორც ცოდნისა და ჭეშმარიტების წყარო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არისტოტელე ამბობდა, რომ მსჯელობა, თუნდაც, მსჯელობა იმის შესახებ, რომ რაიმე უძრავია, შეგრძნებებთან შეთანხმების გარეშე აზრის უძლურებისა და სისუსტის მომასწავებელი იქნებოდა და მიმართული იქნებოდა არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ ყოველგვარი შემეცნების წინააღმდეგ.

 

მაშასადამე, არც ჭეშმარიტების საკითხში ადგას არისტოტელე მხოლოდ ემპირიზმის ან მხოლოდ რაციონალიზმის გზას, არამედ იყენებდა ორივეს და საკითხის გადაწყვეტა ორივეს შერწყმაში მიაჩნდა შესაძლებლად.

 

არისტოტელეს ფილოსოფიის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი დალაგება შეიძლება მრავალი სპეციალური გამოკვლევის ობიექტი იყოს. არისტოტელეს „მეტაფიზიკაში“ დაყენებულ პრობლემათა განხილვასაც კი მრავალი წიგნი დასჭირდებოდა. ამიტომაც ცხადია, შესავალ წერილში შეუძლებელია არისტოტელეს ფილოსოფიისა და „მეტაფიზიკაში“ დაყენებულ პრობლემათა ამომწურავი დალაგება. მით უმეტეს, რომ კომენტარებში, რომელიც ერთვის თარგმანს, მოცემულია როგორც ძნელად გასაგებ ადგილთა განმარტება, ისე - არისტოტელეს „მეტაფიზიკის“ ცალკეულ თავთა მოკლე შინაარსებიც.

 

საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე შენიშვნის გაკეთება ჩვენი თარგმანის შესახებ: თარგმანის პროცესში ჩვენ მოგვიხდა ზოგიერთი სიძნელის გადალახვა, რაც უპირველეს ყოვლისა, თვით არისტოტელეს ენის სპეციფიკაში მდგომარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია არისტოტელეს ლაპიდარული სტილი, რაც „მეტაფიზიკის“ ცალკეული ადგილების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და აიძულებს მთარგმნელთ იყვნენ არა მარტო მთარგმნელნი, არამედ კომენტატორნიც. მკითხველი ნახავს, რომ ჩვენი კომენტარები, სხვა თარგმანების კომენტარებთან შედარებით, უფრო ძუნწია, რადგან შევეცადეთ, რომ არისტოტელეს ტექსტის მრავალი ადგილი თვით თარგმანშივე განგვემარტა, რათა მკითხველი ნაკლებ დაგვექანცა სქოლიოებში განუწყვეტელი ჩახედვით. ჩვენი თარგმანი, სხვა თარგმანთა კრიტიკული გადასინჯვაცაა, არისტოტელეს ტექსტის უკეთ გაგებისა და დაზუსტების მიზნით. კერძოდ, მკითხველი მასში ნახავს ცნობილი რუსი მთარგმნელის კუბიცკის და გერმანელი მთარგმნელის გოლკეს თარგმანებისადმი გაკეთებულ ზოგიერთ კრიტიკულ შენიშვნას.

 

მიზანი, რაც თარგმნის პროცესში გვამოძრავებდა, ერთი იყო: რაც შეიძლება ზუსტად გადმოგვეცა არისტოტელეს ღრმა ჩანაფიქრი და მისი სტილის საოცარი ლაპიდარობა. სხვათა შორის, ეს ყველაზე მეტად ქართველ მთარგმნელებს მოეთხოვებათ, რადგან აშკარად იგრძნობა ის გარემოება, რომ ქართულ ენაზე უფრო ადვილად შეიძლება ბერძნული ენის მთელი ნიუანსების გადმოცემა, ვიდრე ზოგიერთ სხვა ენაზე. ჩვენი თარგმანი, როგორც პირველი ცდა ამ ურთულესი ნაშრომის გადმოქართულებისა, არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან, მაგრამ რაოდენ დიდი ხარვეზებიც არ უნდა ახლდეს მას, ის უდავოდ სასარგებლო იქნება ბერძნული ფილოსოფიის ათვისებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

გაზიარება: